„ემპოლი“ მჭედლიძეს დაემშვიდობა - ეს მუდამ შენი სახლი იქნება
„ემპოლი“ მჭედლიძეს დაემშვიდობა - ეს მუდამ შენი სახლი იქნება

ლევან მჭედლიძემ იტალიური კლუბი „ემპოლი“ დატოვა – მუდმივი ტრავმებით გაწვალებული 29 წლის ქართველი თავდამსხმელი ახალ კლუბს ეძებს.

საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით კლუბებსა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა და ერთად გატარებული წლებისთვის მადლობა გადაუხადა.

„არც ვიცი, რითი დავიწყო და როგორ დავასრულო. ამდენი წლის შემდეგ ეს მომენტი დადგა. ეს ფეხბურთია. მადლობა „ემპოლის“, გუნდსა და გულშემატკივრებს ყველაფრისთვის, რაც ამ წლებში ჩემთვის გააკეთეთ. „ემპოლი“ ყოვცლთვის ჩემს გულში იქნება. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ყოველთვის გვერდში მედგა, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში“, – ასეთი იყო ლევან მჭედლიძის მიმართვა.

„ემპოლის“ ადმინისტრაცია ქართველ თავდამსხმელს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაემშვიდობა.

„13 წლის შემდეგ ლევან მჭედლიძე „ემპოლიდან“ მიდის. დამშვიდობება მომწიფებული იყო, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ამდენი ტრავმის მიუხედავად, ლევანი ჩვენს გუნდში 13 წელი ირიცხებოდა. მან ცოტა ითამაშა, რადგან ფიზიკური პრობლემები ყოველთვის აწუხებდა, მაგრამ მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც თავისი კვალი დატოვა და მნიშვნელოვანი გოლებიც გაიტანა. გარდა ამისა, მჭედლიძე გასახდელშიც გამორჩეული იყო – ყველასთვის მეგობრული და ღიმილიანი. მაშინაც კი, როდესაც „ემპოლისთან“ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და გუნდს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა. ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდება. ლევან, „ემპოლი ყოველთვის შენი სახლი იქნება“, – წერს ინსტაგრამზე კლუბის ოფიციალური გვერდი.