ემინ მახმუდოვი - „დინამოზე“ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე პენალტების ბევრ სერიას ვიხილავთ #1TVSPORT
ბაქოს „ნეფთჩის“ კაპიტანმა, ემინ მახმუდოვმა „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ ბაქოში მისი გუნდი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს.
„შევეცდებით, რომ უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე პირველ მატჩში. იქ ბურთის სწორად კონტროლი ვერ მოვახერხეთ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ შედეგს მიავღწიოთ. „დინამოს“ სიძლიერეზე ვერაფერს ვიტყვი. მთავარი მწვრთნელი ყველაფერს გვიხსნის. ჩვენ შევეცდებით პირველი თამაშის შეცდომები გამოვასწოროთ“, – ამბობს მახმუდოვი.
ბაქოს „ნეფთჩის“ კაპიტანმა თბილისურ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მას როინ კვასხვაძემ პენალტი აუღო, მაგრამ მსაჯმა საჯარიმო მეორედ შეასრულებინა და ბაქოელებს გამარჯვება მოუტანა.
„სტუმრად გატანილი გოლის გაუქმების მომხრე არ ვარ. უკეთესი იქნებოდა, დამატებითი ტაიმები გაეუქმებინათ. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. სტუმრები უფრო აქტიურად ცდილობდნენ გოლის გატანას, ხოლო შინ უფრო დაცვაზე ფიქრობდნენ. ვფიქრობ, ახლა საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრ პენალტების სერიას ვიხილავთ“, – ასეთი მოულოდნელი რამ თქვა „ნეფთჩის“ კაპიტანმა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“ თბილისურ მატჩში 1:2 დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ დიდ უპირატესობას ფლობდა. განმეორებითი შეხვედრა ბაქოში 14 ივლისს „ბაქსელ არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.