ემბოლოს გოლით – შვეიცარიამ კამერუნი დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტურის ბოლო შეხვედრები გაიმართება. სათამაშო დღე შვეიცარიისა და კამერუნის მატჩით გაიხსნა. დაძაბულ შეხვედრაში შვეიცარიელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
შვეიცარიამ ყველასთვის მოულოდნელად მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს აჯობა, პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიაში მეთორმეტედ გავიდა მუნდიალზე. ევროპელებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ჯერ არ წაუგიათ — 5 შეხვედრიდან მათ 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 მოიგეს. შვეიცარიელები კამერუნელებს ამ მატჩამდე არ შეხვედრიან.
კამერუნისთვის ეს მე-8 მუნდიალია — ყველაზე მეტი აფრიკულ ქვეყნებს შორის. ბოლო 7 შეხვედრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მათ 6 წაგებული აქვთ.
პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მე-14 წუთზე რეალური მომენტი ჰქონდა ჩუპო-მოტინგს, რომელმაც შვეიცარიელთა შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ცუდად დაარტყა. შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ შვეიცარიის ნაკრებმა ანგარიში გახსნა — შაქირის პასით ბრილ ემბოლომ ისარგებლა და გოლი გაიტანა – აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ემბოლო წარმოშობით კამერუნელია და შვეიცარიის ნაკრების სახელით თამაშობს. 66-ე წუთზე იაკინის გუნდს უპირატესობის ორამდე გაზრდა შეეძლო, მაგრამ ვარგასის დარტყმული ონანამ მოიგერია. საბოლოო ჯამში, შეხვედრა 1:0 დასრულდა.
G ჯგუფში, ამ ნაკრებების გარდა, ბრაზილია და სერბეთი არიან, რომელთა მატჩიც დღეს, 23:00-ზე დაიწყება. მანამდე კი H ჯგუფის შეხვედრები გაიმართება — 17:00-ზე ურუგვაი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება, 20:00-ზე კი პორტუგალია განასთან შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას.
G ჯგუფი
| ტური | თარიღი | დრო | თამაში | ანგარიში |
| I ტური | 24.11.2022 | 14:00 | შვეიცარია-კამერუნი | 1:0 |
| I ტური | 24.11.2022 | 23:00 | ბრაზილია-სერბეთი | : |
| II ტური | 28.11.2022 | 14:00 | კამერუნი-სერბეთი | : |
| II ტური | 28.11.2022 | 20:00 | ბრაზილია-შვეიცარია | : |
| III ტური | 02.12.2022 | 23:00 | სერბეთი-შვეიცარია | : |
| III ტური | 02.12.2022 | 23:00 | კამერუნი-ბრაზილია | : |
| G ჯგუფი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1 | შვეიცარია | 1 | 1 | 0 | 0 | 1-0 | 3 |
| 2 | ბრაზილია | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
| 3 | სერბეთი | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
| 4 | კამერუნი | 1 | 0 | 0 | 1 | 0-1 | 0 |