ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო სერბეთში ვიზიტი გადადო
ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო სერბეთში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო სერბეთში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ მედიასთან სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის ლიდერის თქმით, ის მაკრონს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა მას ბელგრადში ვიზიტის რამდენიმე კვირით გადადების თხოვნით მიმართა.

ემანუელ მაკრონის ვიზიტი ბელგრადში 4-5 დეკემბერს იყო დაგეგმილი.

საფრანგეთში უკვე მესამე კვირაა, საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იმართება.

პირველ დეკემბერს პარიზში გამართული საპროტესტო გამოსვლა არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 400-ზე მეტი კი დააკავეს.