ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის რეფორმირების გეგმა წარადგინა
ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის რეფორმირების გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის რეფორმირების გეგმა წარადგინა. მაკრონის წერილი ევროკავშირის ქვეყნების წამყვან გამოცემებში გამოქვეყნდა. ემანუელ მაკრონი ​დემოკრატიის დაცვის ევროპული სააგენტოს შექმნის იდეით გამოდის, რომლის მისიაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არჩევნების ჰაკერული თავდასხმებისა და მანიპულაციის მცდელობებისგან დაცვა იქნება.

„ჩვენ უნდა ავკრძალოთ ევროპული პოლიტიკური პარტიების უცხო სახელმწიფოების მიერ დაფინანსება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ჩამოთვალა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც, მისი აზრით, ევროკავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მათ შორისაა კონკურენციის სფეროს რეფორმირება და სავაჭრო პოლიტიკის რეორგანიზაცია. მაკრონი მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ დარგებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ევროპულ კომპანიებს. მისი აზრით, საჭიროა დაჯარიმდნენ ან აიკრძალოს კომპანიები, რომლებიც ევროპის სტრატეგიულ ინტერესებსა და მთავარ ღირებულებებს ლახავენ, კერძოდ, ეკოლოგიურ სტანდარტს, მონაცემთა დაცვასა და საგადასახადო სისტემას.

ემანუელ მაკრონი საჭიროდ მიიჩნევს შენგენის ზონის საზღვრების დაცვას. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივებს შორისაა სასაზღვრო დაცვის ერთიანი სამსახურისა და თავშესაფრის მინიჭების საკითხზე მომუშავე ერთიანი უწყების შექმნა.

საფრანგეთის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს ინტერნეტში სიძულვილისა და ძალადობის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.

ევროპარლამენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ წერილში ემანუელ მაკრონმა ასევე ნაციონალიზმის საფრთხეზე ისაუბრა.

„რამდენიმე კვირაში დაგეგმილი ევროპული არჩევნები გადამწყვეტი იქნება ჩვენი კონტინენტისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა არასოდეს ყოფილა ასეთი საჭირო და ამავე დროს, ევროპა არასოდეს ყოფილა ასეთ საფრთხეში. ნაციონალიზმი არაფერს გვთავაზობს. ეს არის უარყოფის პროექტი“, – წერს მაკრონი.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართება.