ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან

საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი მზად არის, მიაწოდოს გერმანიას გაზი, ხოლო გერმანიამ საფრანგეთს – ელექტროენერგია საჭიროების შემთხვევაში.

„გერმანიას სჭირდება ჩვენი გაზი და ჩვენ გვჭირდება დანარჩენ ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში წარმოებული ელექტროენერგია. უახლოეს კვირებში ჩვენ დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოებს, რათა შევძლოთ გერმანიაში გაზის ექსპორტი, თუკი სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ გაზის საკითხში იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 9 სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს საგანგებო სამიტზე, სადაც განხილული იქნება ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად საგანგებო გეგმები, ასევე გაზის საფასურის ზედა ზღვრის დაწესება.