ემანუელ მაკრონი – მშვიდობა ჩვენი მიზანია, ვაფასებთ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას, მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალი ომებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიმართვისას ისაუბრა.
„ჩვენი ძალაა, შევინარჩუნოთ უკრაინის ფრონტი. ჩვენი შესაძლებლობაა, ახლო და შუა აღმოსავლეთში ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი პარტნიორები გველოდებიან. ჩვენი უნარი, განვაგრძოთ პარტნიორობა, როგორც ეს აფრიკაში განვსაზღვრეთ და ჩვენი უნარი, შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიციები ინდოეთ-წყნარ ოკეანეში, რაც განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ 2030 წლის გამოწვევებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მიმართა და თქვა, რომ მათი მიზანია მშვიდობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც დაიცავენ.
„მესიჯი, რომელსაც მსოფლიოს ვუგზავნით, ასეთია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის, საჭიროების შემთხვევაში – სისხლის ფასადაც კი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.