ემანუელ მაკრონი - მადლობა ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში
ემანუელ მაკრონი - მადლობა ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში

მადლობა ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრა.

„საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით გვსურს, მრავალმნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი და განხორციელდეს საქართველოში. ეს იქნება მაგალითად ინფრასტრუქტურული თუ სხვა საკითხები. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, კიბერუსაფრთხოების სფეროში. მთავარია, რომ ეს თანამშრომლობა და კონტაქტები წარმატებით დავიწყეთ, მის განსახორციელებლად დრო დაგვჭირდება. ასევე, უნდა ვიმუშაოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ სამხედრო თვალსაზრისითაც.

კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.