ემანუელ მაკრონი ღაზის სამშვიდობო სამიტს გადამწყვეტ ეტაპს უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ კიდევ ბევრი ეტაპი დარჩა ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღაზის სამშვიდობო სამიტს გადამწყვეტ ეტაპს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კიდევ ბევრი ეტაპი დარჩა ახლო აღმოსავლეთში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
ემანუელ მაკრონის თქმით, ახლა ისინი ემზადებიან შემდეგი ეტაპებისთვის, რომელთა შორისაც არის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.
„ჩავერთვებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან კოორდინაციით, რათა უზრუნველვყოთ ამ ოპერაციების საერთაშორისო მონიტორინგი, რადგან დიდი საშიშროებაა, რომ ისინი შეიძლება რეგულარულად იყოს დაბლოკილი. ჰუმანიტარული დახმარება მიწოდებული უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად ან, სულ მცირე, გაგრძელდეს მიწოდება რეალურ დროში სწორი მოცულობებით“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა არსებობს, რომელსაც ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და მისი სამხედროების შეჩერება შეეძლო.
„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და მათ გადაწყვიტეს ამის გაკეთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. ახლა შემდეგი ეტაპები უნდა დაიწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, მაგრამ ასევე რეგიონის ყველა ქვეყანასთან, ევროპელებთან და, რა თქმა უნდა, პალესტინელებთან ერთად“, – დასძინა მაკრონმა.