ემანუელ მაკრონი - დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში
ემანუელ მაკრონი - დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში

დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის დეკლარაციით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრ მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.

საქართველო მადლიერია იმისათვის, რომ თავისი შვილები მიიღო საფრანგეთმა თქვენი და თქვენი ოჯახის სახით და შემდგომში თქვენ ემსახურებოდით ამ ქვეყანას. საფრანგეთს ყოველთვის იცავდით, პატივს სცემდით.

მადლობა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აირჩიეთ ვიზიტისთვის, ეს არის საფრანგეთი, ეს არის პარიზი. ამისთვის მადლიერი ვართ. გვსურს, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ისევე როგორ ვიყავით 2008 წელს. ყოველთვის ვართ დიალოგის, დიპლომატიის მომხრე. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა. ჩვენი მხრივ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონმა საქართველოსთან თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„დღესდღეობით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში და ეწერება ხელი დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას, ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი მრავალ საკითხებში.

ჩვენ ორივე ვიზიარებთ, რომ პრიორიტეტული არის განათლება. ეს ურთიერთობები გამოიხატება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის არსებობით. ასევე, მიგვაჩნია, რომ სხვა პროექტებიც იქნება ქართველი ახალგაზრდობის სასარგებლოდ და ამ ყველაფერს ადგილი ექნება აღმოსავლეთ ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კულტურული პროექტები, ამ კუთხით ვითანამშრომლებთ, ეს იქნება ლიტერატურის სფეროში, ხელოვნების სფეროში, რომელზეც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას და კონტაქტებს, ჩვენ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით გვსურს, მრავალმნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი და განხორციელდეს საქართველოში. ეს იქნება, მაგალითად, ინფრასტრუქტურული თუ სხვა საკითხები. გარდა ამისა, ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, კიბერუსაფრთხოების სფეროში. მთავარია, რომ ეს თანამშრომლობა და კონტაქტები წარმატებით დავიწყეთ, მის განსახორციელებლად დრო დაგვჭირდება, ასევე, უნდა ვიმუშაოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია და ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ სამხედრო თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში. კიბერუსაფრთხოების კუთხით გეგმებს დავსახავთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.