ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ (Le Figaro) წერს.
„ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ის და სტარმერი გამოდიან ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით, „ცეცხლი უნდა შეწყდეს ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, ხოლო მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჯარების განლაგება მოგვიანებით მოხდება.
„მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას მოლაპარაკებებით, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, და შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მერე, მოხდება ჯარების განლაგება“, – განაცხადა მაკრონმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ინფორმირებულია მაკრონისა და სტარმერის ინიციატივის შესახებ. კითხვაზე, იცის თუ არა ამ გეგმის შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა: „მე ყველაფერი ვიცი“.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი. „ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსები თავიანთი მშპ-ის ათ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, დავისახოთ მიზანი, დაახლოებით სამი ან 3,5 პროცენტი“, – აღნიშნა მაკრონმა.