ემანუელ მაკრონი ბრექსიტს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარს უწოდებს
ისტორიული განგაშის ზარი – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხს.
„ეს წასვლა შოკისმომგვრელია. ეს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველამ უნდა გაიგონოს, გაიგონოს მთელმა ევროპამ და დაგვაფიქროს“, – აცხადებს მაკრონი.
მაკრონის თქმით, ამერიკისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში აუცილებელია მეტი ევროპა.
„ეს სევდიანი დღეა. მოდით, არ დავმალოთ. მაგრამ ეს ის დღეა, რომელმაც სხვანაირად ფიქრი უნდა დაგვაწყებინოს“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2016 წელს ბრექსიტის კამპანია სიცრუეზე დაფუძნებული და გაზვიადებული იყო.
ბრიტანეთის დროით 23:00 საათზე ქვეყანა ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს. ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.