ემანუელ მაკრონი - არასდროს ყოფილა საუბარი ჰორმუზის სრუტეში ფრანგული ან ფრანკო-ბრიტანული სამხედრო განლაგების შესახებ, თუმცა მზადყოფნაში ვრჩებით, ვამბობდით მარტივ რამეს, ესაა ნავიგაციის თავისუფლება
ემანუელ მაკრონი - არასდროს ყოფილა საუბარი ჰორმუზის სრუტეში ფრანგული ან ფრანკო-ბრიტანული სამხედრო განლაგების შესახებ, თუმცა მზადყოფნაში ვრჩებით, ვამბობდით მარტივ რამეს, ესაა ნავიგაციის თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ და ფრანგულ სამხედრო ხომალდებთან დაკავშირებით ირანის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ მას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო-საზღვაო ძალების განლაგება არასდროს განუხილავს.

როგორც ემანუელ მაკრონმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მაგივრად გეგმა იქნება უსაფრთხოების მისია, რომელიც „ირანთან კოორდინაციით“ განხორციელდება.

„არასდროს ყოფილა საუბარი ფრანგული ან ფრანკო-ბრიტანული სამხედრო განლაგების შესახებ. რამდენიმე დღის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ „შარლ დე გოლი“ და მისი თანმხლები ფრეგატები, ასევე მთელი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ბაბ ელ-მანდების სრუტის მიღმა გადაგვეყვანა. არასდროს ყოფილა საუბარი რამე განლაგებაზე, თუმცა ჩვენ მზადყოფნაში ვრჩებით. თავიდანვე ვამბობდით ერთ ძალიან მარტივ რამეს: ეს არის ნავიგაციის თავისუფლება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მისივე თქმით, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შექმნეს სპეციალური მისია, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად დაახლოებით 50 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს.