ემანუელ მაკრონი - ლუვრში ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ვაფასებთ, რადგან ჩვენი ისტორიის ნაწილია, დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ლუვრის მუზეუმში მომხდარი ძარცვა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც აფასებს. მისივე თქმით, ეს მემკვიდრეობა როგორც საფრანგეთის, ასევე მსოფლიო ისტორიის ნაწილია.
საფრანგეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ დაკარგულ ექსპონატებს აუცილებლად დააბრუნებენ, დამნაშავეები კი, დაისჯებიან.
„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. პარიზის პროკურატურის ხელმძღვანელობით, ყველგან ყველაფერი კეთდება ამის მისაღწევად. ლუვრის ახალი რენესანსის პროექტი, რომელიც იანვარში დავიწყეთ, მოიცავს უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საფრანგეთის კულტურის მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რაშიდა დატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძარცვა მუზეუმის გახსნის დროს მოხდა. ოფიციალური განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში ლუვრის მუზეუმმაც, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი დღეს დახურული იქნება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. როგორც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განმარტა, ქურდები მუზეუმში ფანჯრიდან შეიჭრნენ, ფასდაუდებელი სამკაულები მოიპარეს და მოტოციკლებით გაიქცნენ.