ელოშვილი „კაპფენბერგერიდან“ „გრაცერში“ გადავიდა - მართვის მოწმობა არ აქვს და ნება დართეს, ბაზის წინ ველოსიპედი გააჩეროს #1TVSPORT
ელოშვილი „კაპფენბერგერიდან“ „გრაცერში“ გადავიდა - მართვის მოწმობა არ აქვს და ნება დართეს, ბაზის წინ ველოსიპედი გააჩეროს #1TVSPORT

„მომავალი სეზონისთვის, მეორე ლიგის „გრაცერ აკ“-მა „კაპფენბერგერის“ ამჟამინდელი საუკეთესო ბომბარდირი ლევან ელოშვილი დაიმატა“, – ინფორმაციას ცნობილი ავსტრიული გამოცემა „ლაოლა1“ ავრცელებს.

„მრავალფეროვანი შემტევი ფეხბურთელი ლევან ელოშვილი ლიგაში გუნდს იცვლის და გრაცის აკ-თან ორწლიან კონტრაქტს აწერს ხელს კიდევ ერთი წლის ოფციით. ელოშვილი ის შემტევია, რომელსაც გრაცელთა მწვრთნელი გერნოტ მესნერიც მოუთმენლად ელის“, – წერს „ლაოლა1“.

„ლევანის სახით გუნდში ვიმატებთ მოთამაშეს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ შეტევაში, რადგან გატანა შეუძლია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გამოგვივა“, – ამბობს „გრაცერ აკ“-ის მწვრთნელი მესნერი.

„მისმა გამოცდილებამ, თამაშის სტილმა და განსაკუთრებით მრავალფეროვნებამ დაგვარწმუნა, რომ ლევანი შეიძლება მომავალ სეზონში ჩვენი შემტევი თამაშის მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს“, – განმარტავს „გრაცერ აკ“-ის სპორტული დირექტორი დიტერ ელსნეგი.

„მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევას, მე და ჩემი ახალი თანაგუნდელები გრაცერის გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – თქვა გრაცერელთა ახალწვეულმა.

ლევან ელოშვილი ავსტრიაში 2013 წელს გადავიდა და ჯერ კაპფენბერგერის „რაპიდის“ მოთამაშე იყო, ხოლო 2016 წლიდან „კაპფენბერგერში“ გადავიდა. გუნდში მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 24 წლის ფეხბურთელმა მე-2 დივიზიონში უკვე 110 მატჩი ჩაატარა, ოთხჯერ მოირგო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მაისური.

„ლაოლა1“ წერს, რომ ელოშვილი თინეიჯერობისას მშობლებთან ერთად საქართველოდან ავსტრიაში წავიდა:

„ველოსიპედით წავიდა „კაპფენბერგერის“ პირველ სასინჯ ვარჯიშზე. ახლა ელოშვილს ნება დართეს, „გრაცერ აკ“-ის სასწავლო ცენტრის წინ ველოსიპედი გააჩეროს – მას ავტომობილის მართვის მოწმობა არ აქვს“.

გრაცერ აკ“–ი (ატლეტიკ კლუბ) ავსტრიის 2 ლიგის მე-7 ადგილზეა, მაგრამ ცნობილი კლუბია, 1981 წელს კი თასების თასის გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გუნდს სექტემბერში დაუპირუსპირდა და დაამარცხა (2:0, 2:2).