ელიზაბეთ რუდი - გვაქვს ბევრი პროექტი, რომ დავეხმაროთ საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას
ელიზაბეთ რუდი - გვაქვს ბევრი პროექტი, რომ დავეხმაროთ საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ მომდევნო თვეებში ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ყველა მიმართულებით. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მან აღნიშნა, აშშ-ს აქვს ბევრი პროექტი, რომ დაეხმაროს საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

„მემორანდუმი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრის პარალელურად ვაშინგტონში მიიღეს, კარგი ბაზაა იმ სამუშაოსთვის, რაც წინ გველოდება, განსაკუთრებით, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.

გვაქვს ბევრი პროექტი, მათ შორის „იუესეიდთან“ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას. გვაქვს მზარდი სავაჭრო ურთიერთობა, მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, რისი მნიშვნელობაც დადასტურდა სახელმწიფო მდივნისა და პრემიერ-მინისტრის მიერ, რაც მნიშვნელოვან ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს.

ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციალის გაძლიერება, როგორც სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბის. ბევრ სხვა რამეს ვაკეთებთ, ვთანამშრომლობთ ამერიკულ კომპანიებთან, რომ აქ მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია. რაც მთავარია, აშშ-ის პოზიცია უცვლელი რჩება, ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც საქართველოს სუვერენული უფლებების დაცვას გულისხმობს, რომ თავად აირჩიოს პარტნიორები და ალიანსი მომავალში. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგული ვრჩებით“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ელიზაბეთ რუდმა.