ელიუდ კიპჩოგე 2019 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ჯილდოზე ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა
ელიუდ კიპჩოგე 2019 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ჯილდოზე ერთ-ერთ ნომინანტად დასახელდა

ელიუდ კიპჩოგე 2019 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ნომინაციაში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის კენიელი პირველი ათლეტი გახდა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მარათონი ორ საათზე ნაკლებ დროში გაირბინა (1:59:40). ეს ისტორიული რეკორდი მან ოქტომბერში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაამყარა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მან ლონდონის მარათონზეც დაამყარა რეკორდი, როდესაც დისტანცია 2:02:37 საათში გაირბინა.

კიპჩოგეს გარდა ნომინანტებს შორის არიან ამერიკელები სემ კენდრიკსი და ნოა ლაილსი, ასევე უგანდელი ჯოშუა ჩეპტეგეი და ნორვეგიელი კარსტენ ვარჰოლმი.

ჭოკით მხტომელმა კენდრიკსმა წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, დაძლია 6.06 მეტრი სიმაღლე და 12 ტურნირი მოიგო, ლაილსმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა 200 და 4×100 მეტრ დისტანციებზე და 200 მეტრზე ყველა დროის ყველაზე სწრაფ მორბენლებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩეპტეგეი 5 000 მეტრზე სირბილში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 10 000 მეტრზე მსოფლიოს საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

რაც შეეხება ვარჰოლმს, მან 400 მეტრზე დაბრკოლებებით რბენაში ისტორიაში მეორე დრო აჩვენა (46.92 წამი).