ელისეს სასახლის ცნობით, ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას
ელისეს სასახლის ცნობით, ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას

ემანუელ მაკრონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, – ამის შესახებ აღნიშნულია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების სურვილი გამოწვეულია დემოკრატიული პროცესებით და არის რეაგირება მათ უსაფრთხოების გარემოში არსებულ ცვლილებებზე.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა უკრაინის ომზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„საუბარი შეეხო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აუცილებლობას, რომელზეც ბევრი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაა დამოკიდებული. განიხილეს სხვადასხვა შესაძლო მარშრუტი მოსავლის ტრანსპორტირებისთვის უკრაინის ფარგლებს გარეთ, რომელიც იდენტიფიცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად და შეთანხმდნენ დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.