ელისაბედ მეორე - ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები
ელისაბედ მეორე - ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის შესახებ დედოფალი განცხადებაში საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

​„მრავალთვიანი საუბრებისა და ბოლოდროინდელი განხილვების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახისთვის.

ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები. ვაღიარებ გამოწვევებს, რომლებიც მათ გაიარეს ინტენსიური დაკვირვების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, უფრო დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამ ქვეყნაში, თანამეგობრობასა და მის ფარგლებს გარეთ თავდადებული მუშაობისთვის და კერძოდ, ამაყი ვარ, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის წევრი. მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს მათ, დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ახალი ცხოვრების მშენებლობა“, – ვკითხულობთ დედოფლის განცხადებაში.

განცხადებას აქვეყნებს ბუკინგემის სასახლეც, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ჰარი და მეგანი სამეფო უმაღლესობის სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ. აღნიშნული მოდელი ძალაში 2020 წლის გაზაფხულიდან შევა.

„სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მადლიერი არიან მისი უდიდებულესობისა და სამეფო ოჯახის მხარდაჭერის გამო, რამდენადაც ისინი მათი ცხოვრების ახალ თავს იწყებენ“, – ვკითხულობთ ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

მომავალში კი, წყვილს აღარ მოეთხოვება სამეფო მოვალეობების შესრულება. მათ შორის, ოფიციალურ სამხედრო ღონისძიებებში. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ფორმალურად დედოფლის სახელით ვეღარ იმოქმედებენ, თუმცა, ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, ისინი კვლავ ისარგებლებენ მისი პატრონაჟით.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჰარიმ და მეგანმა ფროგმორის კოტეჯის რესტავრაციისთვის დახარჯული თანხის კომპენსაციის სურვილი გამოთქვეს. მომავალში კი, სამეფო მოვალეობების შესრულებისთვის საჯარო ფონდით ვეღარ ისარგებლებენ.

რამდენიმე დღის წინ სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ სამეფო უფლებამოსილებების შესრულება აღარ სურთ და უარს ამბობენ ფინანსურ პრივილეგიებზე.

დატოვე კომენტარი