ელიგის 16 წლის დებიუტანტი გეგი გეგუჩაძე - მამის ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა
ელიგის 16 წლის დებიუტანტი გეგი გეგუჩაძე - მამის ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა

„საბურთალო“ აკადემიის ნიჭიერ ფეხბურთელებს მთავარ გუნდში ყოველთვის აწინაურებდა. თუმცა, 16 წლის ასაკში მთავარ გუნდში მხოლოდ გიორგი კოხრეიძემ ითამაშა, დასრულებული ჩემპიონატის ბოლო ტურში კი „სამტრედიასთან“ სადებიუტო მატჩი 16 წლის ნახევარმცველმა, გეგი გეგუჩაძემ ჩაატარა, რომელიც ცნობილი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟია.

„იშვიათობაა, ასეთ პატარა ასაკში ძირითად გუნდში თამაში. მიხარია, რომ ეს პატივი მერგო. თუმცა, ამ ყველაფერს იმედების გამართლება უნდა. ზოგადად, „საბურთალო“ ახალგაზრდული კლუბია და პატარა ასაკში შანსი ბევრ ფეხბურთელს მისცეს. ბუნებრივია, ეს ემოციური იყო. მართალია, მინდორზე სულ რამდენიმე წუთი დავყავი, თუმცა „საბურთალოს“ ძირითად შემადგენლობაში თამაშით ძალიან გახარებული ვარ. ეს დღე ყოველთვის დამამახსოვრდება, რადგან ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი იყო. არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, თუმცა, ვეცდები, ძირითად გუნდში სტაბილურად ვითამაშო. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ ბევრი უნდა ვიშრომო და ვიბრძოლო, სხვანაირად არაფერი გამოვა“, – ამბობს გეგი გეგუჩაძე.

ახალგაზრდა ფეხბურთელი საფეხბურთო ოჯახში იზრდება – მამა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, უფროსი ძმა, დათო გეგუჩაძე ფეხბურთში წარმატებით მუშაობს, უმცროსი ძმა, სანდრო კი „საბურთალოს” აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. გეგის თქმით, მის კარიერაზე დიდი გავლენა მამამ მოახდინა: „6 წლის ვიყავი, როდესაც ვარჯიში „საბურთალოს“ აკადემიაში დავიწყე და დღემდე ამ კლუბის ღირსებას ვიცავ. ფეხბურთზე რომ შევედი, ამაზე მამის ფაქტორმა დიდი გავლენა მოახდინა. ფეხბურთზე ხშირად ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ. იქიდან გამომდინარე, რომ მამა ხშირად ვერ ახერხებს ჩემს თამაშებზე მოსვლას, როდესაც მოდის ხოლმე, გარკვეულ მითითებებს მაძლევს და ვცდილობ გავითვალისწინო“.

გეგი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმებისგან იყო გამწარებული. მან ამ თემაზეც ილაპარაკა: „ტრავმის გამო, წელიწადნახევარი ვერ ვვარჯიშობდი. ისეთ დროს შემექმნა პრობლემები, როდესაც უნდა განვითარდე და წინ წაიწიო. უკვე დიდ მოედანზე გადავდიოდი სათამაშოდ, მე კი ამ დროს იძულებით მომიწია ფეხბურთისგან დასვენება. თავდაპირველად მითხრეს, რომ ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ ეზოში ცოტას მაინც ვთამაშობდი. ძალიან რთული იყო უფეხბურთობა, მაგრამ მიხარია რომ ახლა ჯანმრთელად ვარ და ვთამაშობ“.