ელიგაში მაინც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც ქუთაისელმა გულშემატკივარმა შექმნა - მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი თავისი გუნდით ამაყია #1TVSPORT
ელიგაში მაინც უნდა იყოს ის ატმოსფერო, რაც ქუთაისელმა გულშემატკივარმა შექმნა - მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი თავისი გუნდით ამაყია #1TVSPORT

ახალგაზრდა სპეციალისტის, ცოტნე მონიავას გაწვრთნილ მარტვილის „მერანს“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ პლეი ოფში ცოტა დააკლდა, ეროვნულ ლიგაში რომ აღზევებულიყო. განმეორებითი შეხვედრის 87-ე წუთამდე ქუთაისელები 1:0-ს იგებდნენ, ეს ანგარიში ორმატჩიანი დაპირისპირების მოსაგებად მარტვილელებს აწყობდათ, მაგრამ 87-ე წუთზე ალეკ მუდიმუმ მეორეც გაიტანა, დამატებულ დროში თორნიკე ახვლედიანმა „მერანის“ კარი მესამედაც აიღო და მარტვილელებმა მთავარ ლიგაში თამაშზე ოცნება ერთი წლით გადადეს.

ეროვნულ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ კარიერა შესანიშნავი შედეგით დაიწყო და უდავოდ პატივისცემას იმსახურებს.

„ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გვექნებოდა. არაფერია დაგვიკლია და ვთვლი, რომ ამ ღირსეულ წყვილში ჩვენ „ტორპედოს“ ღირსეულად ვითამაშეთ. ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, შესაძლებელია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრებულიყო. ძალიან განვიცდი ამ მარცხს, მაგრამ მინდა ჩვენი გულშემატკივარი გავამხნევო და შევპირდე, რომ მომავალში აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ახლა კი „ტორპედოს“ ვულოცავ გამარჯვებას და ჩემს ბიჭებს ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი არა მხოლოდ დღევანდელი თამაშისთვის, არამედ, მთელი სეზონისთვის, რომელიც ერთსულოვნებით ჩავატარეთ. შესაძლოა, ბევრს ჩვენს გუნდზე წარმოდგენა არ ჰქონდა, მაგრამ ამ ბიჭებმა იმდენი შეძლეს, რომ პლეი ოფამდე მოვიდნენ და ეს დაპირისპირებაც ღირსეულად ითამაშეს“, – ამბობს ცოტნე მონიავა.

მარტვილის „მერანის“ ცენტრალურმა მცველმა, ნიკა აფაქიძემ აღიარა, რომ მეტოქის გამარჯვება „რამაზ შენგელია არენაზე“ ქუთაისელი გულშემატკივრების მიერ შექმნილმა საფეხბურთო ატმოსფერომ განაპირობა: 

„ვულოცავ ქუთაისის „ტორპედოს“ გამარჯვებას. გამოცდილება და გულშემატკივრის ფაქტორი მაინც გადამწყვეტი გამოდგა. ვისურვებდი, რომ ლიგა 2-ში თუ არა, ეროვნულ ლიგაში მაინც იყოს ის ატმოსფერო, რაც ქუთაისელმა გულშემატკივარმა შექმნა. „ტორპედოს“ კი ვუსურვებ, რომ მომავალ წელს პლეი ოფში აღარ ითამაშოს. რაც შეეხება მარტვილის „მერანს“, ჩემი აზრით, ასეთი გუნდებია ქართული ფეხბურთის მომავალი, რადგან იმ მწირი ბიუჯეტით, რაც ჩვენ გუნდს ჰქონდა, მაქსიმალური შედეგი დადო. ხალხი ჩვენზე ხუთჯერ მეტი ბიუჯეტით ვერ ახერხებს თავისი მაქსიმუმის კი არა, მინიმუმის ჩვენებას. ამიტომ ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქ ჩავატარე. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი თავის სიტყვას იტყვის“.