ელიგაში Covid-19 არავის დაუდასტურდა - დღეს, სეზონი „საბურთალო“- „დინამოს“ შეხვედრით განახლდება
ელიგაში Covid-19 არავის დაუდასტურდა - დღეს, სეზონი „საბურთალო“- „დინამოს“ შეხვედრით განახლდება

იძულებითი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა დღეს განახლდება – „საბურთალო“ თბილისის „დინამოს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

სავალდებულო კარანტინის შემდეგ, 25 ივნისს გასამართი მატჩების მონაწილე კლუბების წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს, ასევე მატჩების მომსახურე მსაჯებს განმეორებითი PCR ტესტები უკვე ჩაუტარდა და Covid-19-ზე ყველა შედეგი უარყოფითია.

ეროვნული ლიგის განახლებამდე მატჩების მასპინძელ ყველა სტადიონს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა პარტნიორმა ეროვნული ლიგის მონაწილე ათივე კლუბს სადეზინფექციო საშუალებები გადასცა, რომლის საშუალებითაც სტადიონების ტერიტორიები დასუფთავდება.

სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ეროვნული ლიგის რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბებმა მატჩის ორგანიზება იმ პროტოკოლის საფუძველზე უნდა უზრუნველყონ, რომელიც მათ თითოეული ტურის დაწყებამდე ეგზავნებათ:

„რეგულაციები, რომლის შესაბამისადაც მოხდება მატჩების ორგანიზება, დაფუძნებულია შესაბამისი უწყებების რეკომენდაციებზე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მატჩებზე არ დაიშვებიან გულშემატკივრები, ასევე შეზღუდულია მედიის წარმომადგენლთა რაოდენობა. რაც შეეხება უშუალოდ კლუბებს, ლიმიტირებულია კლუბების ოფიციალური პირების რაოდენობაც. შესაბამისად, მიქს ზონასა და გასახდელებში მოხვდებიან მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვისაც გავლილი აქვს ორჯერადი ტესტირება და იმყოფებოდნენ კარანტიში“ – ამბობს დავით მუჯირი.

ეროვნული ლიგის მესამე ტურის ყველა მატჩი Covid-19-ის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა და ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყება.

დღის თამაშები:

საბურთალო – დინამო თბ 18:00

დინამო ბთ – თელავი 21:00