#ტაიმაუტი | ელგუჯა ლობჯანიძე - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს დიდი იმედით ველოდები

გუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში თავი გამოიჩინა – საქართველოს ნაკრებისა და „კაისარის“ 28 წლის თავდამხმელმა გასვლით შეხვედრაში თავის ყოფილ კლუბს, „ტარაზს“ გაუტანა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ და საქმე მოთავებული ეგონათ, მაგრამ ლობჯანიძემ 61-ე და 82-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

„რთული სანაკრებო გრაფიკის გამო, ყაზახეთში საკმაოდ გადაღლილი ჩამოვედი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო და ორი გოლის გატანა მოვახერხე, რამაც ძალიან გამახარა. ჩვენი კლუბის მიზანი სამეულში მოხვედრა იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ვერ მოვიგეთ, ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში გუჯა ლობჯანიძემ.

მას სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება:

„სეზონი მალე დასრულდება და ხელშეკრულებას ვადა გასდის. ჯერჯერობით, არ ვიცი, კარიერას ისევ „კაისარში“ გავაგრძელებ თუ არა – ეს გამორიცხული არაა. თუმცა, ჯერ ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკი არ გვქონია“.

28 წლის თავდამსხმელმა არ დამალა, რომ ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებში თამაშს იმედოვნებდა:

„სიმართლე გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ შანსი მომეცემოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. 12 ნოემბრის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან უფრო დიდი იმედით ველოდები, ვიდრე ბელარუსთან მატჩს. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამასთან, ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, რადგან ამის რეალური შანსი გვაქვს. ბოლო ორი მატჩის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა“.