ელენე ხოშტარია - სად იყვნენ უნამუსო ​მათიკაშვილ-ზარდიაშვილები, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას
ელენე ხოშტარია - სად იყვნენ უნამუსო ​მათიკაშვილ-ზარდიაშვილები, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას

სად იყვნენ უნამუსო ​მათიკაშვილ-ზარდიაშვილები, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთაწმინდის ამომრჩეველმა ზუსტად გაარჩია, სად არის შავი და თეთრი.

„მაინტერესებს მათიკაშვილ-ზარდიაშვილი, უბიოგრაფიო ან მძიმე ბიოგრაფიანი ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ სანდრო გირგვლიანის ხსენებას. სად იყავით მართლა უნამუსოებო, როდესაც შალვა შავგულიძე რეალურად ებრძოდა სისტემას, ებრძოდა ქუჩაში, ებრძოდა პოლიციის წინააღმდეგ, ებრძოდა სტრასბურგში და მოუგო, თქვენგან განსხვავებით.

სად იყავით, როგორ იღებთ საერთოდ ხმას. მეორე, სად იყავით, როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ახლა, რამდენიმე დღის წინ, გირგვლიანის მოსამართლე უვადოდ დანიშნეთ, როგორ ბედავთ გირგვლიანის ხსენებას, როდესაც ერთ-ერთი მთავარი ჯალათი გირგვლიანის საქმის – მურუსიძე გამოფენილი გყავთ პოლიტიკურ აქტივისტად, აქებთ, ადიდებთ, გადაფარებული ხართ ყველას და სისტემას ასვამთ თავზე. როგორ ბედავთ საერთოდ გირგვლიანის ხსენებას და რაც მთავარია, ყველამ ხომ ვიცით რისთვის ვაჭრობთ გარდაცვლილი ადამიანით, რომ ერთ ადგილზე არ შემოვიდეს პარლამენტში წესიერი ადამიანი, რომ ერთი ადგილი არ დათმოთ. აი, ამისთვის გიღირთ, რომ უბრალოდ, ივაჭროთ სულებით. ეს ხომ წარმოუდგენელი უტიფრობაა. ოღონდ, ყველაზე კარგი იცით, რა არის, მთაწმინდის ამომრჩეველმა ზუსტად გაარჩია, სად არის შავი და სად არის თეთრი, ზუსტად გაარჩია და თქვა, რომ არა, მურუსიძესა და ივანიშვილს არ მივცემთ ხმას და შალვა შავგულიძეს მივცემთ ხმას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, შალვა შავგულიძეს შეეძლო, თუმცა სასათბურე პირობებისთვის და კომფორტისთვის, ფულისთვის და ფულის ტომრებისთვის, ჯიპებისთვის და რბილი სკამებისთვის არ გაჩერებულა „ქართულ ოცნებაში“.

„შავგულიძე ებრძოდა უსამართლობას მაშინ, ებრძოდა „ქართულ ოცნებას“ პირველივე ნიშნების დროს და თქვენ  – არა. თქვენ ემსახურებოდით და ახლაც აგრძელებთ ამ უსამართლობის სამსახურს. ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი გამოდიოდა ამ ტრიბუნიდან და იძახდა, გამოვიწვიოთ საბჭოდან მოსამართლეები. გუშინ ამ თემაზე როცა დავიწყეთ დისკუსია, ზარდიაშვილი გვიტრიალდებოდა და მეგის ქარდავაზე გველაპარაკება. რა მორალზე ან რა პრინციპზე, რა სამართლიანობაზეა ლაპარაკი. მურუსიძეს ამოეფარეთ და მურუსიძე გინდათ, ჩამოასვათ თავზე მუდმივად ქართულ სასამართლო სისტემას. ვერ გაექცევით პირველ რიგში არჩევნების გზით.

ახლა ბატონი ზვიად ძიძიგური საუბრობდა, ჩამოთვალა ისტორიულად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები. ოღონდ, ბატონო ზვიად, ვინ, თუ არა თქვენ, უნდა იცოდეთ, დიახაც, არჩევნების გზით ცვლილება სჭირდება დღეს ქვეყანას. ოღონდ, ამისთვის რას აკეთებთ, სიძულვილს თესავთ. მკვლელების კორპორაციაო იძახით, რისთვის გიღირთ, ხალხნო ეს სიძულვილი. სიძულვილი ხომ ყველას უტრიალდება მერე. ინაშვილის ბანერი კვირების განმავლობაში ეკიდა და არა ჩამოხიეს შეშინებულებმა და ადამიანებზე ზეწოლას ცდილობენ, რომ ვაიმე, შავგულიძე რატომ მოგწონს და აი, ეს გგონიათ არჩევნები, რომელზეც ფარისევლურად და მაღალფარდოვნად საუბრობდით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.