ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ მართლა ძირს ითხრის თავისი უტიფრობით
ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნება“ მართლა ძირს ითხრის თავისი უტიფრობით

„ქართული ოცნება“ მართლა ძირს ითხრის თავისი უტიფრობით, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადება.

ხოშტარიამ ოპოზიციის დღევანდელ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ.

„ვის ელაპარაკებიან, არ ვიცი. ალბათ, თავის თავს. ერთმანეთში ლაპარაკობენ დაჩი ბერაია, ხუნდაძე, კალაძე და ბიძინა. ჩვენ არ გვაინტერესებს, არაადეკვატურობის რა ხარისხში გადავა „ქართული ოცნება“. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი გეგმები, რომლებიც ბოლოს მოუღებს მათ. ეს გეგმები არის ძალიან მკაფიო. ეს გეგმები არის ერთიანი, ყველას გეგმა. დღეს იქნება შვიდ საათზე აქცია პარლამენტის წინ, ღამე დავრჩებით და ხვალ დილით იქნება პარლამენტის პიკეტირება. არ შევუშვებთ პარლამენტარებს იმ ვითომ სხდომაზე. ეს არ არის სხდომები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რაღაც დაჯგუფების შეკრებები.

ამას ჩვენ არ დავუშვებთ. თუ გადაწყვეტენ, რომ ისევ სპეცრაზმი გამოიყვანონ, რამდენჯერაც გამოიყვანენ და სპეცრაზმით შევლენ, იმდენჯერ გამოვალთ ჩვენც, კიდევ უფრო მეტი გამოვალთ. როდემდე შეძლებენ ასე ფუნქციონირებას, უბრალოდ სპეცრაზმს ამოფარებულები იყვნენ, ამასაც ვნახავთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პრაქტიკულად ამ უზურპატორებს დავუთმოთ ხელისუფლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება. „არ დავაყენებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობისა“ და მისი დანამატების გარდა, დანარჩენ ოპოზიციას ექნება გამარჯვების რეალური შანსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.