„ელ-კლასიკო“ „რეალმა“ მოიგო და „ატლეტიკოს“ დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT
„ელ-კლასიკო“ „რეალმა“ მოიგო და „ატლეტიკოს“ დაეწია [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ელ-კლასიკო“ გაიმართა – ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-13 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა – ფრანგს ქუსლით ულამაზესი გოლი გამოუვიდა. ბენზემასთვის ეს იყო ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე მატჩში გატანილი გოლი. მას ლა ლიგაში 19 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.

16 წუთში „რეალმა“ მეორე გოლი გაიტანა – ტონი კროოსმა საჯარიმო შეასრულა, ბურთი კედელში მყოფ დესტს შეეხო და კარში შევარდა.

მხოლოდ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, „ბარსელონამ“ დაიწყო ტიბო კურტუას შეწუხება. პირველი ტაიმის მიწურულს, მესიმ კუთხურიდან ძელს გაარტყა ბურთი, მე-60 წუთზე კი შეტევაში ოსკარ მინგესა ჩაერთო და ჟორდი ალბას პასით ანგარიში შეამცირა.

ბოლოსკენ „ბარსელონა“ აგრძელებდა ზეწოლას. მესის, რომელმაც ზედიზედ მერვე „კლასიკო“ დატოვა უგოლოდ, სამჯერ მიეცა საჯარიმოდან გატანის შანსი, მაგრამ ორჯერ ცოცხალ კედელს გაარტყა ბურთი, ერთხელ კურტუამ მოიგერია.

ბოლო ოთხი წუთი „რეალმა“ 10 ფეხბურთელით ითამაშა – მოედნიდან გააძევეს კაზემირო. შეხვედრა „ბარსელონას“ მომენტით დასრულდა, რომლის დროსაც სტუმრებმა ძელს გაარტყეს ბურთი

„რეალმა“ 66 ქულა დააგროვა და „ატლეტიკოს“ გაუთანაბრდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.