ეკონგოლო ნკუმბა - „ტორპედოში“ ბედნიერი ვარ და მსურდა, კლუბის მაისური ჩემი პირველი მწვრთნელისთვის მეჩუქებინა #1TVSPORT
ეკონგოლო ნკუმბა - „ტორპედოში“ ბედნიერი ვარ და მსურდა, კლუბის მაისური ჩემი პირველი მწვრთნელისთვის მეჩუქებინა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ 19 წლის კამერუნელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ეკონგოლო ნკუმბა სამშობლოში იმყოფებოდა და თავის ბავშვობის მწვრთნელს ქართული გუნდის მაისური გადასცა, ამის შესახებ კი კომენტარი კლუბის ვებგვერდთან გააკეთა.

„ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ჩემი სახლიდან არც ისე შორს პატარა სტადიონი იყო, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ, მე კი შესაფერისი ეკიპირებაც არ მქონდა. ერთ დღესაც ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა მის გუნდში თამაში შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა: მან საკუთარ გუნდში მიმიღო, მავარჯიშებდა და ყოველდღე ვუმატებდი. ბოლოს ამ გუნდის კაპიტანი გავხდი, ტიტულები მოვიგე.

მისი დამსახურებით, ხელშეწყობით და ასევე ჩემი თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე პირველი პროფესიონალური კონტრაქტი „ტორპედოსთან“ გავაფორმე. ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია: „ტორპედოში“ ბედნიერი ვარ, მეტად ვვითარდები, ამიტომ მადლიერების ნიშნად მსურდა, ამ კლუბის მაისური მეჩუქებინა ადამიანისთვის, რომელსაც ჩემს განვითარებასა და წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვნის“, – წერს ეკონგოლო ნკუმბა.

ეკონგოლო ნკუმბასთან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქუთაისის „ტორპედომ“ ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 19 წლის შემტევი კამერუნის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ეკონგოლო ქუთაისის „ტორპედომ“ სინჯებზე მიიწვია, სადაც თავი გამოიჩინა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მასთან პროფესიული კონტრაქტი გაფორმდა.