„ეკიპი“ - შესაძლოა, სტერლინგი „ლივერპულში“ დაბრუნდეს
„ეკიპი“ - შესაძლოა, სტერლინგი „ლივერპულში“ დაბრუნდეს

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბმა რაჰიმ სტერლინგმა „ლივერპულში” დასაბრუნებლად, შესაძლოა დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი.

სტერლინგმა ლივერპულელთა რიგები 2015 წელს ისე დატოვა, რომ ამ გუნდთან ერთად არც ერთი ტიტული არ მოუგია. მაშინ ბევრმა დაადანაშაულა ინგლისელი ფეხბურთელი იმაში, რომ თავის აღმზრდელ კლუბს ფული ამჯობინა. თუმცა, თავად სტერლინგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მხოლოდ სპორტული ამბიციების გამო გამოიცვალა კლუბი. ახლა კი „მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან ორწლიანმა დისკვალიფიკაციამ, შესაძლოა სტერლინგს უბიძგოს „ლივერპულში“ დაბრუნებისკენ, რადგან ამ გუნდს პრემიერლიგის ტიტულთან ორი მოგება აშორებს და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ფინალში ითამაშა.

ცოტა ხნის წინ, ინსტაგრამის „ლაივში“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ ჯერ ისევ უყვარს თავისი ყოფილი კლუბი, ხოლო იურგენ კლოპის გუნდს, რომელსაც ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრისას დიდი ტრანსფერი არ განუხორციელებია, საკმარისი თანხა დაუგროვდა სტერლინგის დონის ფეხბურთელის შესაძენად. ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, „წითლები“ სერიოზულად ფიქრობენ, რომ უახლოეს ზაფხულში რაჰიმი დააბრუნონ.

სტერლინგმა „სიტის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 230 მატჩში 89 გოლი გაიტანა.