ეკატერინე ტიკარაძე - საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების ჩართულობა
ეკატერინე ტიკარაძე - საჯარო და კერძო სკოლებში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების ჩართულობა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სკოლებში სოციალური მუშაკების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მინისტრმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დავალების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენს უწყებას მეტ-ნაკლები შეხება ჰქონდა საჯარო სკოლებთან, არ გვქონია შეხება კერძო სკოლებთან. ორივე ტიპის სკოლებში მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ჩართულობა, რათა გამოვლინდეს ის ხარვეზები, რომლებიც არის სკოლაში, რათა არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. ყოველ ჯერზე არ უნდა ვიდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ვიწყებთ პრობლემებთან ბრძოლას. ჩვენს ხედვას წარმოვადგენთ, რადგან ეს არის ევროპაში აპრობირებული პრაქტიკა, როდესაც სოციალური მუშაკები აქტიურად არიან ჩართული სკოლაში. შესაბამისად, ერთი კვირა არის საკმარისი ვადა იმისათვის, რომ წარმოვადგინოთ პირველი ხედვა, რომელიც სამომავლოდ დასახვეწი იქნება და შემდეგი ნაბიჯები შესათანხმებელი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მომხდარი იყო სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება, პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პირს დაეკისროს.

„რაც შეეხება თავად მომხდარ ფაქტს, ჩემთვის ეს იყო ძალიან ემოციური, რადგან მოზარდის დედა ვარ. ჩემი შვილი საკმაოდ ემოციურია ამ ფაქტის მიმართ და ეს ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო. აუცილებლად ვითანამშრომლებ სხვადასხვა უწყებასთან.

მიმაჩნია, რომ ეს არის სისტემური ხარვეზი და არ შეიძლება, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პირს. ჩვენ უნდა მივუდგეთ საკითხს სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობისა და ოპოზიციის გუნდი, ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი; ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს – დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში; იუსტიციის სამინისტროს – წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.