ეკატერინბურგის გრანდ სლემი - ქართველთა მეტოქეები ცნობილია
ეკატერინბურგის გრანდ სლემი - ქართველთა მეტოქეები ცნობილია

17-18 მარტს, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, 34 ქვეყნის 251 ძიუდოისტი წლის მესამე გრანდ სლემზე იასპარეზებს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელიც რვა ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი. დღეს კენჭისყრა გაიმართა და სატურნირო ბადეები დაკომპლექტდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სულ თექვსმეტმა სპორტსმენმა მოიყარა თავი, რომელთაგანაც 4 მასპინძელთა ნაკრების წევრია. სხვადასხვა გრანდ სლემების 10 მედლის მფლობელი ამირან პაპინაშვილი პირველ შეხედვრას იაპონელ – იომა ოსჰიმასთან გამართავს, როემლსაც რუსეთში ერთი გრანდ სლემი უკვე მოგებული აქვს (ტიუმენი 2016). პირველ ოპონენტის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პაპინაშვილი მეოთხედფინალში მასპინძელთა ფალავან ბესლან მუდრანოვსა და ტაჯიკ შუჰრონ ბოქიევს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზვიად კაპანაძე მეთქვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. საქართველოს უკანასკნელი ჩემპიონატის ფინალისტის მეტოქე პირველ შეხვედრაში პორტუგალიელი – ნუნო სარაევა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კაპანაძე სომეხ ფერდინად კარაპეტიანსა და ბრიტანელ ერიკ ჰემს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება. ამავე ჯგუფში განთესილია რუსი დენის იარცევი, რომელთან შეხევდრაც ზვიადს მეოთხედფინალამდე არ მოუწევს.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველია. “ა” ჯგუფში მოხვდა თამაზ კირაკოზაშვილი. მისი პირველი მეტოქე 1/16 ფინალში მასპინძელი დენის კალინინი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი თამაზს მერვედფინალში რეიტინგის მეორე ნომერი, ჰოლანდიელი მსოფლიოს ჩემპიონი – ფრანკ დე ვიტი ელოდება. ამავე წონაში “დ” ჯგუფშია განტესილი ზებედა რეხვიაშვილი. რომელიც პირველ წრეში დაისვენებს, მერვედფინალში კი ბელგიელ სამი ჩოუჩისა და ბრიტანელ სტიუარტ მაქვაიტს შორის მოგებულს შეხვდება.

აასევე ორი სპორტსმენი შეარჩია ირაკლი ცირეკიძემ -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დავით ოზბეთელაშვილის პირველი მეტოქე 2015 წლის პარიზის გრანდ სლემის ფინალისტი, ბრაზილიელი – რაფაელ ბუზაცჰარინი იქნება. მათ შორის გამარჯვებულს კი შარშანდელი ბაქოსა და წლევანდელი პარიზის გრანდ სლემების ჩემპიონი, ჰოლანდიელი მაიკლ კორელი ელოდება. რაც შეეხება ონისე სანებლიძეს, იგი საწყის ეტაპზე ფრანგ – ალექსანდრ იდირს, გამრჯვების შემთხვევაში კი რუს – კაზბეკ ზანკიშიევს შეხვდება.

ონისე ბურაძე და გურამ თუშიშვილი საქართველოს ღირსებას მძიმე წონაში დაიცავენ. ბუღაძეს პირველივე შეხევდრაში ურთულესი მეტოქე ერგო. რეიტინგის პირველი ნომერი ბრაზილიელი დავიდ მოურა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტია. რაც შეეხება თუშიშვილს, იგი ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, შარშანდელი წლის მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ძიუდოისტს, მეოთხედფინალში ჰოლანდიელი ჰენკ გროლისა და ირანელი ჯავად მაჰჯობის შეხვედრის მოგებული დაუპირისპირდება.

სატურნირო ბადე ისეა გადანაწილებული რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ქართველებს არცერთ წონაში ფინალამდე შეხევდრა არ მოუწევთ.

17 მარტს ეკატერინბურგის ტატამზე ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან ორი ძიუდოისტი – ამირან პაპინაშვილი და ზვიად კაპანაძე იასპარეზებენ.

დანარჩენი ექვსი სპორტსმენი კი მედლებისთვის ბრძოლას ზეგ – 18 მარტს დაიწყებს.