ეკა გიგაური - ტყვიები არავის შერჩენია ამ ქვეყანაში და ამიტომ ვითხოვთ შს მინისტრის გადადგომას
ეკა გიგაური - ტყვიები არავის შერჩენია ამ ქვეყანაში და ამიტომ ვითხოვთ შს მინისტრის გადადგომას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, ტყვიები არავის შერჩენია ამ ქვეყანაში და ამიტომ ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს მოხვედით და ჩვენს გვერდით ხართ. უფრო სწორად, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ დღეს. მინდა, კიდევ ერთხელ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მოვიდეს და თავისი აქ ყოფნით დააფიქსიროს, რა არ მოწონს ამ ქვეყანაში. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მოვედი აქ, რადგან მახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი, მახსოვს, რა გააკეთეს რუსეთის ჯარებმა ჩვენს ტერიტორიაზე, მე მახსოვს, როგორ გადაწვეს მათ ჩვენი სოფლები, როგორ გააუპატიურეს ჩვენი ქალები, რა გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, როგორ დატოვეს ჩვენი მოსახლეობა სახლ-კარის გარეშე, არ შეიძლება, რომ ჩვენ ეს დავივიწყოთ, ხალხნო. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. რაც არ უნდა გვითხრას რუსეთმა, რაც არ უნდა შეგვაშინოს, რაც არ უნდა გვთხოვოს, რომ უარი ვთქვათ ნატო-ზე და ევროკავშირზე, ეს არის ჩვენი გზა, ვიყოთ ევროპის და ნატო-ს წევრები, გვქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო, რადგან მხოლოდ ასეთ სახელმწიფოში შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე სახელმწიფო, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იყოს სიღარიბეში, ჩვენ შევძლებთ, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ჩვენ შევძლებთ, რომ გვქონდეს დემოკრატიული არჩევნები – ეს არის ყველაზე მთავარი და დღეს ჩვენ რას ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იწვევენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაზე მაღალ ტრიბუნას უთმობენ, ამას არ უნდა შევურიგდეთ არასდროს, ეს იქნება ყველაზე სწორი ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს, გიგაურის თქმით, ფაქტობრივად, გამარჯვებაა ის, რომ ირაკლი კობახიძე გადააყენეს.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ გვქონდა მათთან შეხვედრა და მათ გვითხრეს, რომ ამას უნდა დავჯერდეთ, ეს იქნება არასწორი, რადგან გვინდა, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა ორი დღის წინ, როდესაც პოლიციამ სისხლიანი მეთოდებით დაარბია ჩვენი მოსახლეობა. ამაზე უნდა აიღონ კონკრეტულმა პირებმა პასუხისმგებლობა, ამის გარეშე ჩვენ ვერ წავალთ წინ. ჩვენ გვინდა, რომ თითოეულმა ადამიანმა და მთავრობის წევრმა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას უკეთებენ ისინი ჩვენს სახელმწიფოს და მოსახლეობას. ტყვიები არავის არ შერჩენია ამ ქვეყანაში და ეს ჩვენ უნდა დავანახოთ იმით, რომ ძალიან ბევრნი გამოვალთ, დღეს, ხვალ, ზეგ და არასდროს არ დაგვავიწყდება ეს და ამიტომ, ვითხოვთ შს მინისტრის გადადგომას, ამიტომ ვითხოვთ, რომ მან აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, მან მისცა ბრძანება პოლიციელებს, რომ დამიზნებით ესროლოს ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციას, მაგრამ არა იმ პოლიციელებს, რომლებიც ერჩიან ჩვენს ხალხს. პატივს ვცემთ, მხოლოდ იმათ, ვინც მოქმედებს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, მათ პირველ რიგში ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვან“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი ხანია, ითხოვს პროპორციულ არჩევნებს.

„რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღევანდელი უსამართლო სასამართლო სისტემით ვერ მივაღწევთ დემოკრატიას, ვერ მივაღწევთ იმას, რომ ხალხის ხმა პროპორციულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენ მოსახლეობას ეს უნდა ავუხსნათ, რადგან, როდესაც თქვენ ხმას აძლევთ ვინმეს, შეიძლება უმცირესობაში მოხვდეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პროპორციული სისტემა არის უსამართლო. ჩვენ, არასამთავრობო სექტორს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს მოთხოვნა არასოდეს არ დავივიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ ვთხოვდით ამას ყველა ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, რა ემართებათ ამ ადამიანებს, როდესაც ხდებიან თანამდებობის პირები, მათ ავიწყდებათ ის მოთხოვნები, რომლებიც მატ ჰქონდათ, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, ჩვენ უნდა მოვაღწიოთ იმას, რომ მათ არასდროს არ დაივიწყონ ეს მოთხოვნები“, – აღნიშნა გამოსვლისას ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება აქციაზე დაკავებულებს, გიგაურის თქმით, შერჩევითი მიდგომაა.

„ეს არის სასაცილო და შერჩევითი მიდგომა, როდესაც აპატიმრებ იმათ და ამბობ, რომ ისინი თითქოს რაღაც კანონს არღვევდნენ, მაგრამ ამავდროულად, მადლობას უხდი იმ პოლიციელებს, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს ჩვენს მოქალაქეებს, ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ, კიდევ ერთხელ არ უნდა შევუქმნათ ის ილუზია ჩვენს მთავრობას, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ დავიშლებით და ეს მოთხოვნები დაგვავიწყდება. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთ მთავრობას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, რომ ჩაქოლოს ხალხის მოთხოვნები და რომ იჯდეს ჩუმად, არ დაგველაპარაკოს, არ შეგვხვდეს, არ გვითხრას კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებენ. მე მგონია, ისინი ჩუმად არიან ახლა და არ გამოდიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, ჩვენ აქ ცოტანი ვიქნებით, ან ხვალ არ გამოვა ხალხი, ან ზეგ არ გამოვა, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხალხნო. ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ მათ, რომ ესე ჩაქოლეს ჩვენი უფლებები. მე მიყვარს ეს ქვეყანა, მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი და ყველაფერს გავაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომ ჩვენი ქვეყანა უკეთესი გახდეს. მაგრამ თქვენს გარეშე, ამას ვერც ერთი ვერ ვიზამთ, ამიტომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, არ დავიშალოთ და არ დავივიწყოთ ჩვენი მოთხოვნები“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.