ეკა გაბაშვილი - გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი „დოპელმაიერის“ ახალ საბაგიროს, რომელიც სპეციალურად მსოფლიო თასის ეტაპებს მოემსახურება
ეკა გაბაშვილი - გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი „დოპელმაიერის“ ახალ საბაგიროს, რომელიც სპეციალურად მსოფლიო თასის ეტაპებს მოემსახურება

საქართველოს პირველ არხზე გადაცემა „ტაიმაუტს“ სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა გაბაშვილი და თავისუფალი სტილით სრიალის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მეტრეველი ეწვივნენ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებზე და სხვა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ეკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ბაკურიანში 2023 წლის ჩემპიონატისთვის ახალი და თანამედროვე საბაგიროს მონტაჟი უკვე დაწყებულია – „გაზაფხულზე ჩაეყარა საფუძველი „დოპელმაიერის“ ახალ საბაგიროს, რომელიც სპეციალურად მსოფლიო თასის ეტაპებს მოემსახურება“.

ლევან მეტრეველმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ახსენა, რომ დაწყებულია ხელოვნური გათოვლიანების პროექტზე მუშაობა, რათა სპორტსმენებს საქართველოშიც მთელი წლის მანძილზე შეეძლოთ ტურნირებისთვის მომზადება. აგრეთვე, მისი თქმით, შესაძლოა, უახლოეს წლებში სათხილამურო ტურნირები თბილისშიც გაიმართოს.

„არის ორი დისციპლინა – „ბიგ ეარი“ და „არეალსი“, რომელიც, როგორც წესი იმართება ქალაქებში, რათა პოპულარული გახდეს ხალხში. ჩვენც გვაქვს გეგმა, რომ ამ სახეობების ტურნირები ჩატარდეს თბილისში. გვაქვს შერჩეული სავარაუდო ლოკაციებიც – რესპუბლიკის მოედანი და ძველი თბილისი. ეს უნდა მოხდეს უახლოესი ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში 2020 წლის 29 თებერვალსა და 1 მარტს გუდაურში FIS-ის ფრისტაილის ევროპის თასის ეტაპები სნოუბორდის პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში ჩატარდება. ეს სახეობები საქართველოში პირველად გაიმართება.