ეკა ბესელია - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვაა
ეკა ბესელია - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვაა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვაა, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ. მისი თქმით, შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, არ გამოიყენა.

„სრულიად წარუმატებელ გზას დაადგა, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. აჩვენა, რომ პარლამენტი აბსოლუტურად ექვემდებარება იმ კლანურ ინტერესებს, რომელიც იუსტიციის საბჭოში და სასამართლოში გამეფდა. ამ კენჭისყრამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ რეალობის აღქმა დაკარგული აქვს. ის პროცესებისა და საზოგადოების განწყობის საწინააღმდეგოდ მიდის. იმ რამოდენიმე მოწინააღმდეგეს შორის, რომელიც ჩვენს კანონპროექტს ჰყავდა, ვოლსკისა და კაკულიას წინააღმდეგ მიცემულმა ხმამ გამაკვირვა. სხვები არ მიკვირს, რადგან ის დანარჩენი პარლამენტში პირდაპირ იმ კლანურ ინტერესებს ლობირებს. უმრავლესობიდან ისევ იმ ადამიანებმა მოგვცა ხმა, ვინც წინა კანონპროექტის შემთხვევაში მოგვცა. ვინც ესწრებოდა, რამდენიმე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

მთლიანობაში, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი წარსულისკენ. გამოუყენებელი შესაძლებლობა და ოცნებების საკუთარი ხელით დამარხვა – ამ პროცესს ასე შევაფასებდი. ამ პროცესმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წარსულის პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.