ეკა ბესელია - როგორც უნდა მოინდომოს ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობა იანვრამდე ვერ შეიცვლება
ეკა ბესელია - როგორც უნდა მოინდომოს ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობა იანვრამდე ვერ შეიცვლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმაც დამიდასტურა, რომ მომავალი წლის იანვრამდე, როგორც უნდა მოინდომოს ირაკლი კობახიძემ, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი შემადგენლობიდან მისი და ზვიად კვაჭანტირაძის ამოღების საკითხზე.

„კობახიძეს თუ უნდა, სადამსჯელო აქტი განახორციელოს, ასეთი რამეებით პატარა ასაკში არიან დაკავებულნი, როცა ბავშვები ერთობიან. მერე მშობლები უხსნიან, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. კიდევ უფრო სერიოზულ ასაკში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გახდები, უნდა გააცნობიერო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეიძლება ასე მოიქცე. ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მომავალ კვირას პრემიერი სტრასბურგში ჩადის და მის გამოსვლას არ უნდა დახვდეს ფაქტი, რომ დელეგაციის წევრები არასწორად იყოს შეცვლილი.

„ამაზე კითხვას დასვამენ, საქართველოს პარლამენტი ასე რატომ იქცევა. ქვეყანა როგორ წარმოჩინდება საგარეო ასპარეზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დელეგაციიდან ამოგვიღებენ თუ არა, სტრასბურგში ჩავალთ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ეს ირაკლი კობახიძის პირადი გადაწყვეტილებაა. საკითხი სესიაზე უნდა გავიდეს. არ ვაპირებ, რომ ასე მარტივად მივცე საშუალება ვინმეს, პროცედურები დაარღვიოს და ქვეყანას ჩრდილი მიაყენოს ასეთმა უმწიფარმა გადაწყვეტილებამ. პარლამენტის თავმჯდომარის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ ხდება. პრობლემურია მხოლოდ ევროსაბჭოს დელეგაციაში ჩვენი ყოფნაა. ევროსაბჭოს თავისი წესები აქვს. საქართველოს პარლამენტს ევროსაბჭოს დელეგაციაში 10 წევრი ჰყავს. ძალიან სირცხვილი იქნება, როდესაც ოფიციალური შემადგენლობა და ის, ვინც დელეგაციაში არ არის, ერთად ჩავლენ სტრასბურგში. მეორე უხერხულობა ის არის, რომ პარლამენტი არ განახორციელებს ასეთი სამივლინებო დოკუმენტების ხელმოწერას და ჩვენ სტრასბურგში ჩასვლა ჩვენი ხარჯებით მოგვიწევს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შესახებ პროექტს, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც შედიან: თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე და დავით ბაქრაძე. დელეგაციის ცვლილების მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში „ქართული ოცნების“ კვოტით იყვნენ, თუმცა მათ ფრაქცია დატოვეს და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვთ.