ეკა ბესელია - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს
ეკა ბესელია - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს, – განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ, რომელიც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების შეკრებაზე იყო მისული.

„იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და იმდენად დიდი საფრთხეა, ხელისუფლებამ ეს დაპირება არ შეასრულოს, სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების პარტიები და ლიდერები ამ პოზიციის ირგვლივ ერთიანდებიან. ვთანხმდებით იმაზე, რომ პირადი შეხედულებების მიუხედავად, ყველა არის ერთ პოზიციაზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც იყო საჯარო დაპირება, უნდა შესრულდეს.

იქნება კონსოლიდირება მთელი პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის, „ყველა ერთის წინააღმდეგ ფორმულით“. თუ ამ ფორმულით უნდა წარმართოს პროცესები ხელისუფლებამ, ეს არის ძალიან სახიფათო სვლა და სახიფათო პროცესი. უნდა გააცნობიერონ, რომ ეს არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს, ყველა დგას ამ პოზიციაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა უნდა გადავიდეს. აქ ყოყმანი, თამაში, ორჭოფობა, საზოგადოების გამოცდა არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი. ეს არის ყველას პოზიცია. ჩვენ ამ განწყობას გავახმოვანებთ სხდომათა დარბაზშიც. ვურჩევ ხელისუფლებას, დაფიქრდეს, რომ ასეთ სახიფათო თამაშს თავი უნდა დაანებოს და ეს გადაწყვეტილება კენჭისყრაზე უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.