ეკა ბესელია - მოსამართლეები, რომლებიც ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ
ეკა ბესელია - მოსამართლეები, რომლებიც ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ

მოსამართლეები, რომლებიც ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოსამართლეთა კონფერენციაზე მიღებული ერთობლივი მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. ბესელიას თქმით, მართლმსაჯულების სისტემას მოსამართლეებმა არ უნდა უყურონ, როგორც საკუთარ პირად სივრცეს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პარლამენტის ის ჯგუფი და ის შემადგენლობა, რომელთათვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი სასამართლო, ამისთვის ვიბრძოდით იმ წლებში, როდესაც მოსამართლეები, რომლებიც დღეს ღია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს.

ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია იქეთკენ, რომ ვიწრო ჯგუფის ინტერესები კი არ გავატაროთ, ქვეყანას დავუტოვოთ გამართული მართლმსაჯულება. ეს მართლმსაჯულება არის ყველასი და ყველა მოქალაქის უფლება. ამიტომ ამ სივრცეს – მართლმსაჯულების სისტემას, მოსამართლეები ნუ უყურებენ, როგორც საკუთარ პირად სივრცეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ჩვენ არ ვერევით არც ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების პროცესში, მაგრამ არც სასამართლო უნდა ჩაერიოს, კანონმდებელი როგორ კანონს მიიღებს და როგორი კანონი დაიწერება. მან უნდა მიიღოს ეს კანონი და აღასრულოს, ეს არის მოსამართლის ვალდებულება, რომ სამართლიანად გადაწყვიტოს, რასაც კანონმდებელი წერს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსამართლეთა დღევანდელ რიგგარეშე კონფერენციაზე ერთობლივი მიმართვა დღეს მიიღეს. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ საჭიროდ მიაჩნიათ, შეაფასონ ის არაჯანსაღი პროცესები, რაც მიზანმიმართულად ხორციელდება სასამართლო ხელისუფლების მიმართ.