ეკა ბესელია - მეორე ტურში არჩევანი დგას შავსა და თეთრს, წარსულსა და მომავალს, უბედურებას, რომელსაც თავი დავაღწიეთ და ქვეყნის მომავალს შორის
ეკა ბესელია - მეორე ტურში არჩევანი დგას შავსა და თეთრს, წარსულსა და მომავალს, უბედურებას, რომელსაც თავი დავაღწიეთ და ქვეყნის მომავალს შორის

პირველ ტურში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, სხვა კანდიდატი მოეძებნა, მაგრამ ახლა უკვე არჩევანი ასე დგას – შავი და თეთრი, წარსული და მომავალი, უბედურება, რომელსაც თავი დავაღწიეთ და ქვეყნის მომავალი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„დიახ, საჭიროა, თითოეულ მოქალაქეს ავუხსნათ, რა რეალობის წინაშე ვდგავართ. მეორე ტურში, სადაც სხვა, მესამე არჩევანი არ არის, ერთი მხრივ, სააკაშვილების, ახალაიებისა და მერაბიშვილების სახით დგას ვაშაძე, პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის უმძიმეს რეალობასთან ასოცირდება. იმასთან, რასაც ძალიან ბევრი ჩვენგანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. მეორე მხრივ კი არის ძალა, რომელსაც შესაძლოა, ნელი ტემპით, გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ ქვეყანა წინ მიჰყავს. ძალა, რომელსაც შეუძლია, ეს უმძიმესი წარსული დაძლიოს, ამ წარსულიდან გამოვიდეს და უკეთესი ხვალინდელი დღისკენ იაროს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, წარსულსა და მომავალს შორის ისეთი ნათელი არჩევანია, რომ ამომრჩეველი გააცნობიერებს, თუ რამდენად სახიფათოა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, აღზევება და მანდატის მიცემა, რომლის მოშორებასაც ძალიან ბევრი წელი და ენერგია დასჭირდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდა თუ არა ასეთ შედეგს „ქართული ოცნება“, რომელმაც ორი წლის წინ ჩატარებულ არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა, ერთი წლის წინ, თვითმმართველობის არჩევნებზე კი დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შედეგებზე გავლენა იქონია ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიამ და ბევრმა ობიექტურმა ფაქტორმა, რომ არის ცვლილებების საჭიროება, კომუნიკაციის პრობლემა და ა.შ.

„ჩვენ ვნახეთ ამდენი სიცრუის ტირაჟირება, ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი ცილისწამება, ამდენი გაუკუღმართებული რეალობა და ათასი სიბინძურე. ის, რაც არჩევნებმა გვაჩვენა, საკითხების კომპლექსია, რომელსაც ვაანალიზებთ და ჯანსაღად ვუყურებთ. ამაში ტრაგიკული არაფერია. დიახ, საჭიროა ცვლილებები და საჭიროა ბევრი რამის შეცვლა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.