ეკა ბესელია - ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციაზე დისკუსია დღეს იხსნება
ეკა ბესელია - ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციაზე დისკუსია დღეს იხსნება

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ მომზადებულ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას იხილავენ. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, კანონით დადგენილი ვადები არსებობს და სხდომაზე არგუმენტებს ისმენენ.

„ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ 2016 წელს გამოვხატე, როდესაც იმ დადგენილების პროექტისა და დასკვნის ავტორი ვიყავი, რომლითაც 2004-2012 წლების სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება გაკეთდა. იქ ადამიანის უფლებების კუთხით სისტემურ დანაშაულებზე და დარღვევებზე დასკვნა დევს. ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ იმ დადგენილების რეკომენდაციები, რაც მაშინ გავეცით, დღეს მოვისმინოთ. შესაბამისი პირი პროკურატურიდან მოწვეული გვყავს და მოვისმენთ, რეკომენდაციები როგორ შესრულდა. ეს სურათი მთლიანობაში გვინდა, რომ დავინახოთ და ეს დისკუსია დღეს გაიხსნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „პატრიოტებმა“ მოამზადეს რეზოლუცია – „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“. დოკუმენტი, რომელსაც 300 ათასი მოქალაქე აწერს ხელს, ფრაქციამ პარლამენტს წარუდგინა. მასში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დანაშაულზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ უნდა დაეკისროთ.