ეკა ბესელია - ფარული კადრების საქმეზე საეჭვო გარემოებების შესახებ ყრილობის მერე ვისაუბრებ
ეკა ბესელია - ფარული კადრების საქმეზე საეჭვო გარემოებების შესახებ ყრილობის მერე ვისაუბრებ

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების საქმესთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებზე საუბარს აანონსებს. მისი თქმით, განცხადებას საკუთარი პარტიის დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ გააკეთებს.

„20 ივნისს ახალი პარტიის დაფუძნების ყრილობა მაქვს და არ მინდა, ყრილობამდე სხვა დეტალებზე საუბარი. ყრილობის მერე ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, მნიშვნელოვანია. ერთთვიანი ვადა საკმარისი იყო, გაგვეგო, რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. თუ ამას ვერ იძიებენ ძალოვანი უწყებები, ეს ან სისუსტის მაჩვენებელია, ან იმის, რომ ხელს აფარებენ დამნაშავეს. რამდენიმე საეჭვო გარემოებაა, რაზეც 20 ივნისის შემდეგ ვისაუბრებ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქმეში საეჭვო პირების შესახებ ჯერ ვერ ისაუბრებს.

„დავასახელე საეჭვო პირთა წრე, დღეს გვარებს არ ვასახელებ და ვერც დავასახელებ. ყრილობის მერე ვისაუბრებ ისეთ გარემოებაზე, რომელიც ვფიქრობ, საეჭვოა და პასუხები ღიად უნდა მოვისმინოთ. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. იურისტი ვარ და კარგად ვიცი, როდესაც ვინმეს ბრალეულობაზე საუბრობ, მტკიცებულებები არის საჭირო. დაემთხვა რაღაც გარემოებები ვიღაცის გვარს, სადაც გარკვეული პირთა ჯგუფი მიცემულია პასუხისგებაში და იგივე ქმედებისთვის არ არის მიცემული სხვა. თუ ვლაპარაკობთ თანასწორობაზე, ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს მიდგომა. არის საქმეში რამდენიმე ადამიანი, ვინც ამბობს, აღიარებს, რომ გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არ არის პასუხისგებაში მიცემული“, – აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თემაზე მეტი კონკრეტიკა არ ისურვა.

„ძალიან გთხოვთ, ამაზე შორს ნუ წავალთ. ჩემთვის არ არის იოლი, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ამიტომ გპირდებით, რომ 20 ივნისის მერე ვისაუბრებ ამ თემაზე“, – განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

დატოვე კომენტარი