ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილთან კითხვა მაქვს, სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი რატომ დავიწყე, თუ არ მაწუხებდა, იქ რაც ხდებოდა
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილთან კითხვა მაქვს, სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი რატომ დავიწყე, თუ არ მაწუხებდა, იქ რაც ხდებოდა

ბიძინა ივანიშვილთან კითხვა მაქვს, სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპი რატომ დავიწყე, თუ არ მაწუხებდა, იქ რაც ხდებოდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ 20 წელია, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

„ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი არ მახსოვს, როგორც ინტერვიუს დროს იყო, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ჩვენი წასვლის მიზეზებს ეხებოდა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ გულწრფელი არ იყო, როცა საუბრობდა. ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან, არც შარშანწინ და არც გუშინ. სამწუხაროდ, ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა. არ მგონია, უახლოესი წარსულის შეხსენება სჭირდება, რადგან თავად გასცა პასუხი კითხვებს, თუ რატომ წავედით პარტიიდან – სწორედ იმ მთავარი განსხვავების გამო, რომლის დემონსტრირებაც ამ ინტერვიუთი მოახდინა. მან თქვა, რომ მსხვერპლნი არიან ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ არსებობს საზოგადოებრივი უნდობლობა. თურმე, ზარდიაშვილები მსხვერპლი არიან, რადგან მოინანიეს და არ თქვეს, რომ მათი პატრონები ადეიშვილები, მერაბიშვილები არ არიან უსამართლოდ გასამართლებული და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის დამდგარიყო ამ ადამიანების დამცველად. რატომ დავიწყე 2017 წელს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც კობახიძემ გადაიბარა. რეფორმის მეოთხე ეტაპი რატომ დავიწყე, თუ არ მაწუხებდა, სასამართლოში რაც ხდებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაჩუმებას არ აპირებს. „ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწყენია, რადგან ჩვენ ვერ გაგვაჩუმა. ჩემი გაჩუმება მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა მაშინ, როცა საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს – ძმა. ეს იყო სწორედ იმისთვის, რომ გავჩუმებულიყავი. ახლა ბიძინა ივანიშვილმა ხათრის გამო ჩემი გაჩუმება მოინდომა. როცა საქმე ქვეყნის მომავალს, იდეალებს, სამართლიანობას ეხება, ქვეყანაზე შვილზე და ძმაზე ძვირფასი არავინ მყავს და მათ გამო ვერ გავჩუმდი, ვერავის გამო ვერ გავჩუმდები. გაბრაზებულია და დღეს სხვაგვარად ჰყვება იმას, რაც რეალობაში სხვაგვარად იყო. აქ ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ სადაც ვიყავით და მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა.  ერთი რამის მეშინია მხოლოდ –  ღმერთის. ჩემი ბრძოლის გზა გადის ისეთ განსაცდელებზე, რომ ეს კითხვა ჩემთან არც უნდა ჩნდებოდეს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.