ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რათა პროცესი კონსტრუქციულ ფორმატში გადაეყვანა
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რათა პროცესი კონსტრუქციულ ფორმატში გადაეყვანა

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რათა პროცესი კონსტრუქციულ ფორმატში გადაეყვანა, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

დღევანდელი შეხვედრა შვიდ საათს გაგრძელდა და როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ​ის იყო საკმაოდ დაძაბულიც და ამავე დროს, საქმიანიც.

„დღეს პრაქტიკულად ამოვწურეთ დღის წესრიგში არსებული საკითხები. პროცესის მოდერაციას დღესაც ბიძინა ივანიშვილი ახდენდა და მას ზუსტად ისეთივე პოზიცია ჰქონდა, როგორც გუშინ. მან მაქსიმალური მცდელობა და ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რათა პროცესი კონსტრუქციულ ფორმატში გადაეყვანა.

მართლაც ბევრი დრო და ენერგია დაიხარჯა, მაგრამ ღირდა ეს ყველაფერი, რადგან ძალიან რთულ საკითხს ვეხებით – ეს არ არის მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, ეს არის ქვეყნის განვითარების მომავლის ხედვა. ყველაფერზე ვერ დავასრულეთ საუბარი, მაგრამ შევჯერდით იმაზე, რომ ღიად დარჩენილი რამდენიმე საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდება.

„ღია კონკურსზე შევთანხმდით, ანუ კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ კონსტიტუციით დადგენილ კრიტერიუმებს. მათ შორის, ადვოკატებსა და სამეცნიერო წრეებსაც უნდა შეეძლოთ თავისი კანდიდატების დასახელება.

ბევრ სხვა საკითხზეც ვიმსჯელეთ, ნამდვილად საჭირო იყო ეს შეხვედრა, რადგან შიგნით რა განსხვავებული მოსაზრებებიც გვაქვს, ამაზე გვემსჯელა და არ დავშორდეთ იმ ფასეულობებს, რომლითაც ხალხმა მოგვიყვანა ხელისუფლებაში. მთავარი არის, ფასეულობებზე შევჯერდით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი