ეკა ბესელია - აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია 
ეკა ბესელია - აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებშია 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ქვეყანაში დაძაბული გარემოსა და არჩევნებისთვის არასასურველი კლიმატის შექმნას.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია.

მისივე თქმით, თუკი ხელისუფლების ნებისმიერი პირის მიმართ რამე მასალა ან ფაქტი არსებობს, მასალები საგამოძიებო უწყებას უნდა გადაეცეს და ქვეყანაში არსებულ კანონს  ყველამ პატივი სცეს.

„არ ვამბობთ, რომ რაიმე არ გამოვიძიოთ, არ გავარკვიოთ და რაღაც მივჩქმალოთ. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კანონს არ გადავაბიჯოთ და პატივი უნდა ვცეთ. მნიშვნელოვანია, რომ საჯაროობის დროს კერძო კომუნიკაციის წესი დავიცვათ, რომლის დარღვევაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ფაქტები არსებობს, საგამოძიებო ორგანოებს უნდა გადავცეთ და გამოძიება მოვითხოვოთ, თუმცა ქაოტური სურათია შექმნილი და აშკარაა სურვილი, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემო არ იყოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. საზოგადოებას თავისუფალი გარემო თავისუფალი არჩევანისთვის სჭირდება”, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის მოსაზრებით, ფარული ჩანაწერების ომი მიმდინარეობს, რაზეც სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური შეტევა უნდა დასრულდეს.

„ყველა კარგად ხედავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ დაძაბული გარემო და არჩევნებისთვის არასასურველი კლიმატი შექმნან. ეს არც დემოკრტიას და არც რაიმე კეთილშობილურ განზრახვას არ ემსახურება. საგამოძიებო ორგანოებსა და სამართალდამცველებს უნდა დაველოდოთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ დაუსრულებელი ფარული ჩანაწერების წარმოება სისხლის სამართლის დანაშაულად მიმაჩნია, რადგან უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები სისხლის სამართლით ისჯება. ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური შეტევა უნდა დასრულდეს. არ შეიძლება, ადამიანებს ცხოვრება ასეთ არანორმალურ გარემოში უწევდეთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.