ეკა ბესელია - არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და არავითარი ლეგიტიმაცია არ დადგება ეჭვქვეშ
ეკა ბესელია - არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და არავითარი ლეგიტიმაცია არ დადგება ეჭვქვეშ

გარწმუნებთ, არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და არავითარი ლეგიტიმაცია არ დადგება ეჭვქვეშ,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცალკეულ დარღვევებზე დროულად მოხდეს რეაგირება.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ როგორც ყველა წინა ჩატარებულმა არჩევნებმა, ისე მეორე ტურმაც ჩაიაროს დემოკრატიულად, კანონის დაცვით, თავისუფალ გარემოში ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ამისთვის მართლა ყველაფერი კეთდება.მიუხედავად ამისა, ყველა არჩევნების წინ კეთდებოდა მსგავსი განცხადებები სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, თუმცა ყველა არჩევნებს შეფასების კუთხით მოყვა ძალიან მაღალი შეფასებები. გარწმუნებთ, ეს არჩევნებიც ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში და არავითარი ლეგიტიმაცია არ დადგება ეჭვქვეშ. ცალკეულ შემთხვევებში თუ რაიმე გადასამოწმებელია, გადამოწმდება, ცალკეულ დარღვევებზე თუ იქნება განცხადებები, რეაგირება მოხდება. ხელისუფლება მუდმივად აჩვენებს თავის პოლიტიკურ ნებას, რომ არცერთ გადაცდომას თუ არცერთ დარღვევაზე თვალს არ დახუჭავს.
დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს ექნება ძალიან მაღალი შეფასება. უკვე ის, რომ მეორე ტურია ქვეყანაში, რაც არასდროს  ყოფილა საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინა ხელისუფლების პერიოდში არცერთ არჩევნებზე, თავისთავად აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ტარდება, შედეგიც ასეთივე იქნება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ

მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციის მომხრეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი ცალკეული პირის თვითნებობა თუ გადაცდომა კი, რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები მუდმივად ვაკეთებთ განცხადებას და მოწოდებას, რომ ყველა უნდა მოვიდეს არჩევნებზე, მთავარია, როგორია პოლიტიკური ნება იმ ადამიანების, ვისაც აქვს შესაბამისი ვალდებულება და პოზიცია, გაახმოვანოს ხელისუფლების პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ ყველა მუდმივად ვუსვამთ ხაზს, რომ დემოკრატიულად, თავისუფლად, კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს მეორე ტურის ჩატარება. განსხვავებით წინა პერიოდებისგან, ხდება ცალკეული ფაქტების გადამოწმება, შესწავლა და რეაგირება“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.