ეკა ბესელია აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შემუშავებულ პოზიციას დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ
ეკა ბესელია აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შემუშავებულ პოზიციას დიპლომატიურ კორპუსს გააცნობენ

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან არსებულ ფორმატში დიალოგის გაგრძელებას აღარ გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, შეირჩევა რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება და წარუდგენს მათ ერთობლივ პოზიციას. ეს პოზიცია გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს სხვა, მეტად პროპორციული ინიციატივა და გათავისუფლდნენ დაპატიმრებული ოპოზიციონერები.

„ამავე ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელება რომ შეუძლებელია, ეს ისედაც ჩანს. არჩევნებამდე დარჩენილია მცირე დრო და კონსტიტუციური ცვლილების ინიცირება თუ უნდა მოხდეს, ეს ძალიან სწრაფად უნდა იყოს.

როგორც ჩანს, მმართველი პარტია ინდივიდუალურ რეჟიმში ელაპარაკება ცალკეულ პარტიებს. ეს მოლაპარაკება ინდივიდუალური რეჟიმში გაგრძელდება თუ ჩვენი პოზიციის დიპლომატიური კორპუსის და ელჩების მედიაციით და მათთან საუბრით, პოზიცია არის ერთი, ყველას აქვს საერთო მოსაზრება, რომ შემოთავაზება, რაც ამ დროისთვის აქვს მმართველ პარტიას, არ არის მისაღები. უნდა მოხდეს შეთანხმება სხვა ისეთ პრინციპზე, რომელიც პირველ რიგში ახლოს იქნება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. შემდეგ იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც არის ახლა დაპატიმრებული. არის ასევე საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს. გაგრძელდება შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ ექნებათ ჩვენი ერთიანი პოზიცია და საბოლოოდ, მათი საშუალებით გაირკვევა, არის თუ არა მზად ხელისუფლება რაიმე ცვლილებისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.