ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი 30.8 პროცენტს აგროვებს, მისი კონკურენტი კაროლ ნავროცკი კი 29.1 პროცენტს
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი.
გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. ულტრამემარჯვენე სლავომირ მენცენი მესამე ადგილზეა 15.4 პროცენტით.
როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, ხმათა 50 პროცენტის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურა. პოლონეთში ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 29 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა. პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედ პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეცვლის, რომელსაც პრეზიდენტობის მეორე ვადა აგვისტოში ეწურება.