ეგზიტპოლის მიხედვით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ხმების 51.3 პროცენტით ლიდერობს
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, SVT-ს ეგზიტპოლის მიხედვით, შვედეთის მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკს, რომელიც სოციალ-დემოკრატების ლიდერს, მაგდალენა ანდერსონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე უჭერს მხარს, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 51.3 პროცენტის მიღებას უწინასწარმეტყველებენ.
შვედეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, საარჩევნო უბნების ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია TV4-ის მიერ არჩევნების დღეს ჩატარებულმა ცალკე გამოკითხვამაც მემარცხენე-ცენტრისტული ძალების ლიდერობა აჩვენა.
SVT-ს ეგზიტპოლის მიხედვით, მემარცხენე-ცენტრისტულ ბლოკს 183 საპარლამენტო მანდატს უწინასწარმეტყველებენ, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 175 მანდატზე მეტია, ხოლო მემარჯვენე პარტიებს – 166 მანდატს.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ შვედეთის ეგზიტპოლები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საბოლოო შედეგების მანიშნებელია, ყოველთვის ზუსტი არ ყოფილა. 2022 წელს ეგზიტპოლის მიხედვით ანდერსონის ბლოკს უნდა გაემარჯვა, თუმცა საბოლოოდ არჩევნებში, ულფ კრისტერსონის ხელმძღვანელობით, მემარჯვენე კოალიციამ მოიპოვა გამარჯვება. კრისტერსონი ამჟამად შვედეთის პრემიერ-მინისტრია.