ეგვიპტის პროკურატურამ ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა
ეგვიპტის პროკურატურამ ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა

ეგვიპტის პროკურატურამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ათასობით ვაქცინის გადაყრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ათასობით გამოუყენებელი ვაქცინები ქალაქ მანიაში, წყლის არხის გასწვრივ იპოვეს გადაყრილი. ვაქცინები ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში განათავსეს.

პროკურატურის განცხადებით, ვაქცინები გამოყოფილი იყო მანიას ჯანდაცვის უწყებისთვის, სადაც ინსპექტირების შედეგად 18 400 ვაქცინის დანაკლისი დადგინდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია 320 000 დოლარის ღირებულების „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინაზე. ნაპოვნი ვაქცინები გამოყენებისთვის უვარგისია, რადგან დაირღვა მათი შენახვისთვის აუცილებელი პირობები.

დაკავებულთა შორის არიან ვაქცინების მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანის თანამშრომელი, მესაწყობე და სატვირთო მანქანის მძღოლი.

როგორც ეგვიპტური მედია წერს, ეგვიპტე ჩინეთისგან, ვაქცინის დოზებთან ერთად, ვაქცინის წარმოებისთვის საჭირო მასალებსაც იღებს. კერძოდ, გასულ კვირას ჩინეთიდან კაიროს საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩაიტანეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონი დოზა, ასევე სამი ათასი ლიტრი ნედლი ინგრედიენტი, რაც საკმარისია 4,6 მილიონი დოზის წარმოებისთვის.