ეგვიპტის პარლამენტმა სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნის ნებართვა გასცა
ეგვიპტის პარლამენტმა სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნის ნებართვა გასცა

ეგვიპტის პარლამენტმა სამხედროების ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაგზავნის ნებართვა გასცა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეგვიპტის პრეზიდეტმა, აბდელფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ კაირომ შესაძლოა, ლიბიაში ჯარი გააგზავნოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეგვიპტეს შეუძლია, გაგზავნოს შეიარაღებული ძალები „კრიმინალ მებრძოლებთან“ და „უცხო ქვეყნის ტერორისტულ დაჯგუფებებთან“ საბრძოლველად „დასავლეთ ფრონტზე“.

პარლამენტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე ეგვიპტის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს.

ეგვიპტე შეშფოთებულია ლიბიაში არსებული არასტაბილური სიტუაციისა და თურქეთის მიერ ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის მხარდაჭერის გამო, რომლის მებრძოლებიც რამდენიმე დღის წინ ქალაქ სურთს მიუახლოვდნენ.

ქალაქი სურთი ნავთობის ექსპორტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტია. გასულ თვეში ეგვიპტის პრეზიდენტმა თქვა, რომ „კაიროსთვის წითელი ხაზი ლიბიაში ქალაქ სურთზე გადის“.