„ეფლში“ აცხადებენ, რომ სადავო ტერიტორიების აღნიშვნის პოლიტიკას გადახედავენ
ყირიმთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, კომპანია „ეფლი“ სადავო ტერიტორიების აღნიშვნის პოლიტიკას გადახედავს. ამის შესახებ „როიტერთან“ ინტერვიუში ამერიკული კომპანიის პრესმდივანმა, ტრუდი მიულერმა განაცხადა.
„ჩვენ პრინციპების სიღრმისეულ ანალიზს ჩავატარებთ, რომელსაც ხელმძღვანელობა სადავო საზღვრების აღნიშვნასთან დაკავშირებით ჩვენს სერვისებში გამოიყენებს. შედეგად კი, მომავალში გარკვეული ცვლილებები შეიძლება შევიტანოთ“, – განაცხადა ტრუდი მიულერმა „როიტერთან“ ინტერვიუს დროს.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს „ეფლის“ პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მსგავს საკითხებზე მუშაობის დროს საერთაშორისო სამართლის, ამერიკის შეერთებული შტატების და კონკრეტული ქვეყნის კანონების გათვალისწინება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად დაინახავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ეფლის“ მოწყობილობებს რუსეთში ყოფნისას გამოიყენებენ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპლიკაციების გახსნისას ყირიმი კვლავ უკრაინის ტერიტორიად არის აღნიშნული. „ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ.
ყირიმის ტერიტორიული სტატუსის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასა და ამერიკულ კომპანია „ეფლს“ შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად, კომპანია რუსულ მხარეს ყირიმის გაურკვეველი სტატუსის მქონე ტერიტორიად ჩვენებას სთავაზობდა.