ეფექტური გოლი კვეკვესკირისგან - ქართველმა ნახევარმცველმა პოლონეთში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასაში გამორჩეული სილამაზის გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მე-19 ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველის გუნდმა პოზნანის „ლეხმა“ პოლონეთის ჩემპიონატში ზაბჟეს „გურნიკი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში 36-ე წუთზე ხესუს ხიმენესმა გახსნა. სანამ გუნდები შესვენებაზე გავიდოდნენ, ქართველმა ფეხბურთელმა წონასწორობა აღადგინა. 44-ე წუთზე ნიკამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და უძლიერესი დარტყმით მეკარეს გუნდის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 90+9-ე წუთზე ხორვატიის ნაკრების მცველმა, ანტონიო მილიჩმა გადაწყვიტა – პოზნანის „ლეხმა“ 2:1 მოიგო და 19 ტურის შემდეგ 41 ქულით გათამაშების ლიდერია.
ნიკა კვეკვესკირმა ექსტრაკლასას ლიდერ გუნდში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, ანგარიშზე კი ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ამ შეხვედრით პოლონეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და ჩემპიონატი 29 იანვარს განახლდება.